საბაჟო

საბაჟო ორგანო – დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაა საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასა და საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანასთან დაკავშირებული პროცედურების, საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელება.

ბროკერი – ფიზიკური პირი, რომელიც დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით ან გადამზიდი კომპანიის სახელით ახორციელებს ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ გარიგებებს ან/და ეწევა ამასთან დაკავშირებულ სხვა მომსახურებას.

დეკლარანტი – პირი, რომელიც საბაჟო დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით ან რომლის სახელითაც ხორციელდება საბაჟო დეკლარირება;

მინდობილობა – ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც რწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე  შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება.

 

სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო დამუშავების ოპერაციისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა;

 

განბაჟება:

  1. ტვირთის საბაჟო გადასახადებისგან გაწმენდა, რათა ტვირთმა შეძლოს ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ან მისი დატოვება.
  2. დოკუმენტი, რომელსაც გასცემს საბაჟო განყოფილება ტვირთის გამგზავნზე, იმის საჩვენებლად, რომ საბაჟო მოსაკრებელი გადახდილია და შესაძლებელია ტვირთის ტრანსპორტირება.

საბაჟო დეკლარაცია – დოკუმენტი, რომელშიც აისახება: ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული ან გასული ტვირთების შესახებ ინფორმაცია;  საზღვარგარეთ მიმავალი პირის ტვირთი.

კომერციული ანგარიშფაქტურა – დოკუმენტი, სადაც ნაჩვენებია ექსპორტიორსა და იმპორტიორს შორის დადებული გარიგება ტვირთის ყიდვა/გაყიდვის შესახებ; ასევე აღწერს საქონლის შემადგენლობას და საფუძველს წარმოადგენს ყველა დოკუმენტისთვის, რომელიც ეხება ტვირთს.

დამატებითი მოსაკრებლები  – დამატებითი გადასახადი გაწეულ მომსახურებაზე ტვირთის ტრანსპორტირებისთვის სტანდარტულად მოცემულ ფასთან ერთად. ასეთი ხარჯები მოიცავს ტვირთის შიდა გადაზიდვებს, მისამართიდან აღებას ან მისამართამდე  მიტანას, ასევე დოკუმენტაციის და კომუნიკაციის ხარჯებს საერთაშორისო გადაზიდვებზე.

ექსპორტის დეკლარაცია – მთვარობის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ნებადართულია ტვირთის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა.

იმპორტის ლიცენზია – დოკუმენტი, რომელსაც გასცემს ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა, რომლის მეშვეობითაც ხდება ტვირთის შეტანა მათსავე ქვეყანაში.

ანგარიშფაქტურა – გამყიდველის მიერ მომზადებული და მყიდველისათვის გაგზავნილი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს ყიდვა-გაყიდვის გარიგების დეტალებს: მოცულობა, ერთეულის ფასი, საერთო თანხა, გაყიდვის პირობები, მიწოდების ხერხი. საცალო ვაჭრობის კომპანიებში ანგარიშფაქტურებს აფორმებენ გარიგების მომენტში, ხოლო საბითუმო კომპანიებში კი მას შემდეგ, როდესაც ბუღალტერია ტვირთის გამგზავნი განყოფილებიდან მიიღებს შეტყობინებას მყიდველისათვის ტვირთის გაგზავნის შესახებ.

იმპორტის ნებართვა – ჩვეულებრივ, მოითხოვება ისეთი ტვირთების იმპორტის შემთხვევაში, რომლებსაც შეუძლიათ ზიანი მიაყენონ საზოგადოების ჯანმრთელობას, მორალს, ცხოველებს, მცენარეებს და ა.შ. მაგალითად, საკვები პროდუქტები. ფარმაცევტული წამლები (ადამიანებისთვის და ვეტერინარული), სამედიცინო აღჭურვილობა, თესლები, მცენარეები და სხვადასხავა სახის წერილობითი მასალები (ფირები, კასეტები, ფილმები, სატელევიზიო ფირები ან სატელივიზიო ფილმები). ზოგიერთ ქვეყანაში, იმპორტის ნებართვა იგივეა, რაც იმპორტის ლიცენზია.

წარმოშობის სერთიფიკატი – საბუთი, რომელიც ადასტურებს ნებისმიერი ტვირთის წარმოშობის კანონიერებას.

 

 

სასაქონლო ოპერაციები

იმპორტი

იმპორტისას საქონელს ენიჭება საქართველოს საქონლის სტატუსი, გამოიყენება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ექსპორტი

ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ, მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია გამოიყენება, თუ საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას იმავე მდგომარეობაში იყო, რომელშიც ექსპორტის დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს, გარდა ბუნებრივი დანაკარგებით გამოწვეული ცვლილებებისა.

 

რეექსპორტი

რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

 

ტრანზიტი

ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით გადაადგილდეს სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე, საბაჟო კონტროლის ქვეშ.

 

საწყობი

საწყობის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში/შენახვის სხვა ადგილზე შენახულ იქნეს: ა) უცხოური საქონელი სატარიფო ღონისძიებების განხორციელების გარეშე;  საქართველოს საქონელი, თუ საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვის მიზანია მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

 

თავისუფალი ზონა

თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც: სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის მინიჭება).

 

დროებითი შემოტანა

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დროებით იქნეს შემოტანილი (როგორც წესი, ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს).

 

შიდა გადამუშავება

ოპერაცია საშუალებას იძლევა, უცხოური საქონლის მიმართ  გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, როგორიცაა:

 

  1. საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება;
  2. საქონლის წარმოება
  3. საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა
  4. საქონლის განადგურება
  5. საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.

 

გარე გადამუშავება

ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონლის მიმართ  გამოყენებულ იქნეს საქონლის გადამუშავების ერთი ან ერთზე მეტი ოპერაცია, როგორიცაა:

 

  1. საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა ან სხვა საქონელზე მორგება
  2. საქონლის წარმოება
  3. საქონლის შეკეთება, მათ შორის, აღდგენა და მუშა მდგომარეობაში მოყვანა
  4. საქონლის განადგურება
  5. საქონლის გამოყენება, რომელიც არ შედის გადასამუშავებელი საქონლის შემადგენლობაში, ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავების პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება გადამუშავების პროცესში.

 

საბაჟო საბუთები

 

სასაქონლო დეკლარაცია – ივსება დეკლარანტის ან მისი წარმომადგენელის, ან საგადასახადო ორგანოს მიერ (როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების შესახებ).

ინვოისი – საქონლის გასაფორმებლად საჭირო საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ინვოისი უნდა   შეიცავდეს  შემდეგ   ძირითად ინფორმაციას:

დოკუმენტის გაცემის თარიღი და ნომერი;

გამყიდველის რეკვიზიტები;

მყიდველის რეკვიზიტები;

საქონლის თითოეული სახეობის აღწერა;

საქონლის თითოეული სახეობის  რაოდენობა (ცალი, კილოგრამი ლიტრი და ა.შ.);

საქონლის თითოეულ სახეობის   ღირებულება;

დოკუმენტი რეალურად უნდა ადასტურებდეს ყიდვა – გაყიდვის ფაქტს (შეძლებისდაგვარად უნდა იყოს დამოწმებული ბეჭდით ან სხვა საშუალებით);

 

სატრანსპორტო დოკუმენტი, როგორიც არის: კონოსამენტი (საზღვაო გადაზიდვებისთვის), სარკინიგზო ზედნადები (სარკინიგზო გადაზიდვისთვის), ავიაზედნადები (საჰაერო გადაზიდვისთვის),  CMR ან TIR წიგნაკი (საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისათვის)

სატრანსპორტო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ტვირთის ზოგად აღწერილობას, ადგილების რაოდენობას, ბრუტო და ნეტო წონას, სასაქონლო კოდს, კონტეინერის ნომერს, ინფორმაციას გადამზიდავის, საქონლის გამომგზავნის, ჩატვირთვის ადგილის, ასევე დანიშნულების ადგილისა და საქონლის მიმღების შესახებ.

თუ საქონელზე ვრცელდება არასატარიფო ღონისძიებები ან ექვემდებარება დამატებით საბაჟო კონტროლს, ასევე წარედგინება ლიცენზია, ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა საჭირო დოკუმენტები.

 

საბაჟო გადასახადები

საქონლის დეკლარირებისას აუცილებელი გადასახადები:

ექსპორტი, რეექსპორტი, ტრანზიტი, საწყობი, თავისუფალი ზონა: გათავისუფლებულია გადასახადებით დაბეგვრისაგან.

 

იმპორტი:  იმპორტის გადასახდელები:

იმპორტის გადასახადი – საბაჟო ღირებულების  0; 5; 12 პროცენტი ან ფიქსირებული  განაკვეთი.

დღგ – იმპორტის თანხის 18 პროცენტი.

აქციზი –  განაკვეთი დიფერენცირებულია.

შიდა გადამუშავება: თუ ადგილი აქვს მხოლოდ უცხოური საქონლის გადამუშავებას და გადამუშავებული პროდუქტის გატანას, ოპერაცია არ იბეგრება გადასახადებით.

გარე გადამუშავება: საქონლის გატანისას გადაიხდევინება ექსპორტისთვის დადგენილი გადასახდელი, ხოლო გადამუშავებული საქონლის შემოტანისას – კუთვნილი იმპორტის გადასახდელი. საქონლის უსასყიდლოდ გადამუშავებაზე არ არის იმპორტის გადასახდელი.

დროებითი შემოტანა: საქონელი შესაძლებელია გათავისუფლდეს სრულად ან ნაწილობრივ.

დღგ – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტი საქონლის საქართველოში ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არაუმეტეს ამ თანხის 18 პროცენტისა.

იმპორტის გადასახადი – იმ თანხის 3 პროცენტია, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.

 

 

მომსახურების ტარიფები:

იმპორტის გადასახდელისა და მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია ტვირთის გაფორმებიდან 5 დღეში;

წინასწარი დეკლარირების შემთხვევაში – საქონლის გაშვებიდან 15 დღეში;

„ოქროს სიის“ მონაწილისათვის – საქონლის გაშვებიდან 30 დღეში.

საჰაერო ტრანსპორტით, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საფოსტო გზავნილით შემოტანილი 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის იმპორტისას (დეკლარირებაც ხორციელდება გამარტივებული დეკლარაციით) – დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან 30 დღეში.

https://www.rs.ge/

 

სატრანსპორტო კომპანია dengroup

სახმელეთო გადაზიდვები